სასამართლოს რეგლამენტი
მუხლი 471 – ინდივიდუალური საჩივრის შინაარსი
1. კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივარი უნდა შესრულდეს სამდივნოს მიერ შემუშავებულ საჩივრის ფორმაზე, თუკი სასამართლო არ დაადგენს სხვაგვარად. იგი უნდა მოიცავდეს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია საჩივრის ფორმის შესაბამის ნაწილებში და აუცილებლად უნდა მიუთითებდეს:
(ა) მომჩივნის სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს, მოქალაქეობას და მისამართს. თუკი მომჩივანი იურიდიული პირია – მის სრულ სახელს, დაფუძნების ან რეგისტრაციის თარიღს, ოფიციალურ სარეგისტრაციო ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და იურიდიულ მისამართს;
(ბ) წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში მის სახელს, მისამართს, ტელეფონისა და ფაქსის ნომერს და ელ.ფოსტას;
(გ) ასევე, თუ მომჩივანს ჰყავს წარმომადგენელი, საჩივრის ფორმის რწმუნების ნაწილში, მომჩივნის ხელმოწერის ორიგინალსა და ხელმოწერის თარიღს; ამავე ნაწილში უნდა იყოს წარმომადგენლის ორიგინალი ხელმოწერა, რაც დაადასტურებს მის თანხმობას, წარმოადგინოს მომჩივანი სასამართლოში; სასამართლომ შეიძლება მიიღოს ხელმოწერების ასლები ან კონვენციის ხელშემკვრელი მხარის ადგილობრივი კანონმდებლობით აღიარებული სხვა სახის რწმუნების ფორმები იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი მხარე წარმოადგენს ამ პირობის დაუკმაყოფილებლობის დამაჯერებელ მიზეზს და თუ სასამართლოს მიერ შემუშავებული რწმუნების ფორმა, ორიგინალი ხელმოწერებით, სასამართლოს გონივრულ ვადაში გაეგზავნება;
(დ) იმ ხელშემკვრელი მხარის ან მხარეების სახელს რომლის/რომელთა წინააღმდეგაც ხდება საჩივრის წარმოდგენა;
(ე) ფაქტების მოკლე და ნათელ მონახაზს;
(ვ) კონვენციის ნაგულვები დარღვევების მოკლე და ნახელ მონახაზს და შესაბამის არგუმენტაციას და
(ზ) მოკლე და ნათელ მითითებას, რომელიც დაადასტურებს მომჩივნის მიერ კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფით დადგენილი მისაღებობის კრიტერიუმების შესრულებას.
2.
(ა) საჩივრის ფორმის შესაბამის ნაწილში მოცემული და ზემორე 1 (ე) – (ზ) პარაგრაფებში მითითებული ინფორმაცია საკმარისი უნდა იყოს სასამართლოსათვის, რათა განსაზღვროს საჩივრის ბუნება და მოცულობა სხვა დოკუმენტებზე მითითების გარეშე.
(ბ) მომჩივანს შეუძლია კონვენციის სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაცია განავრცოს საჩივრის ფორმაში მითითებულ ფაქტებზე დამატებითი დეტალებისა და შესაბამისი არგუმენტების წარმოდგენით. მოცემული ინფორმაცია არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს.
3.1. საჩივრის ფორმა ხელმოწერილი უნდა იყოს მომჩივნის ან მისი წარმომადგენლის მიერ და თან უნდა ახლდეს:
(ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილებებისა თუ ქმედებების დამდგენი დოკუმენტების ასლები, იქნება ეს სასამართლოს გადაწყვეტილებები თუ სხვა;
(ბ) იმ დოკუმენტთა და გადაწყვეტილებათა ასლები, რომელიც დაადასტურებს, რომ მომჩივანმა შეასრულა სამართლებრივი დაცვის შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების ამოწურვის წესი და კონვენციის 35 მუხლის 1-ლი პარაგრაფით განსაზღვრული ვადა;
(გ) სხვა საერთაშორისო მოკვლევისა თუ მორიგების პროცედურასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
(დ) თუ მომჩივანი იურიდიული პირია, 47-ე მუხლის 1-ლი (a) პარაგრაფის მნიშვნელობით, საბუთი ან საბუთები, რაც დაადასტურებს, რომ პირს აქვს უფლება, იყოს მომჩივანი ან აქვს უფლებამოსილება, წარმოადგინოს მომჩივანი.
3.2. საჩივრის გამამყარებელი დოკუმენტები უნდა იყოს თარიღის მიხედვით აღნუსხული, დანომრილი და ნათლად იდენტიფიცირებადი.
4. იმ მომჩივნებმა, რომელთაც არ სურთ საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება უნდა მიუთითონ ამის შესახებ და წარმოადგინონ სასამართლოს წინაშე სამართალწარმოების შესახებ ინფორმაციაზე საჯარო წვდომის ჩვეული წესიდან გადახვევის გამამართლებელი საფუძვლები. სასამართლო უფლებამოსილია დაამოწმოს ანონიმურობა ან საკუთარი ინიციატივით მიანიჭოს იგი.
5.1. მოცემული მუხლის 1–3 პარაგრაფებში ჩამოყალიბებული მოთხოვნების დაუცველობა გამოიწვევს სასამართლოს მიერ საჩივრის განუხილველად დატოვებას. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
(ა) მომჩივანი წარმოადგენს მოთხოვნათა შეუსრულებლობის სათანადო განმარტებას;
(ბ) საჩივარი ეხება დროებითი უზრუნველყოფის ზომას;
(გ) სასამართლო საკუთარი შუამდგომლობის ან მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.
5.2. სასამართლო უფლებამოსილია მომჩივანს მოთხოვოს ინფორმაციისა თუ დოკუმენტების წარმოდგენა იმ ფორმით, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს და წარმოსადგენად დაადგინოს გარკვეული ვადა.
6.
(ა) კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის მიზნებისათვის საჩივრის წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება ის დღე, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მოთხოვნების დაცვით წარმოდგენილი საჩივრის ფორმის გამოგზავნის თარიღად. გამოგზავნის თარიღი გახლავთ საფოსტო გზავნილზე მოცემული თარიღი.
(ბ) საჭიროდ მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლოა საჩივრის შემოტანის თარიღად სხვა თარიღი მიიჩნიოს.
7. მომჩივნებმა სასამართლოს უნდა აცნობონ მისამართისა თუ საჩივართან დაკავშირებული სხვა გარემოებების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
__________1 სასამართლოს 2002 წლის 17 ივნისისა და 8 ივლისის, 2007 წლის 11 დეკემბრის, 2008 წლის 22 სექტემბრის, 2013 წლის 6 მაისის, 2015 წლის 1 ივნისისა და 5 ოქტომბრის და 2024 წლის 18 იანვრის ცვლილებების მიხედვით.