ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელსაც სტრასბურგში უდევს ბინა, რომელსაც შეუძლია მხოლოდ იმ საჩივრების განხილვა, რომელსაც წარმოადგენენ პირები, ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებიც მიიჩნევენ რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებები.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობა შეთანხმდა დაეცვა რიგი ფუნდამენტური უფლებები. დაცული უფლებები მოცემულია კონვენციაში და მის №№ 1, 4, 6, 7, 12 და 13 ოქმებში. ეს ოქმები მხოლოდ სახელმწიფოების ნაწილის მიერ არის სავალდებულოდ აღიარებული.
სასამართლო მეთვალყურეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესრულებას. მისი ამოცანაა, უზრუნველყოს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დაიცვან კონვენციაში განსაზღვრული უფლებები და გარანტიები. იგი შეისწავლის კერძო პირების ან ზოგჯერ, სახელმწიფოების მიერ შემოტანილ მოთხოვნებს (ანუ „საჩივრებს“). როდესაც სასამართლო აღმოაჩენს, რომ წევრმა სახელმწიფომ დაარღვია კონვენციაში გათვალისწინებული ერთი ან მეტი უფლება თუ გარანტია, მას გამოაქვს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებას სავალდებულო ხასიათი აქვს: შესაბამისი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება.
არ არის აუცილებელი, რომ ევროპის საბჭოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს მოქალაქე იყოთ. ის დარღვევა, რომელთან დაკავშირებითაც საჩივარი შეგაქვთ, ჩადენილი უნდა იყოს ერთ-ერთი იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც აკისრია კონვენციის შესრულება, თავის „იურისდიქციაში“, რაც, ჩვეულებრივ, მის ტერიტორიას გულისხმობს. ის მოქმედება თუ უმოქმედობა , რომელთან დაკავშირებითაც ჩივით, განხორციელებული უნდა იყოს ამ სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ერთი ან მეტი უწყების მიერ (მაგალითად, სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ განიხილავს ფიზიკური პირების თუ კერძო დაწესებულებების (როგორიც არის, მაგალითად, კომერციული კომპანიები) წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს. თქვენ პირადად და უშუალოდ უნდა იყოთ მსხვერპლი იმ დარღვევისა, რომელთან დაკავშირებითაც საჩივარი შეგაქვთ. თქვენ ვერ შეიტანთ ზოგად საჩივარს ამა თუ იმ კანონთან თუ ზომასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ისინი უსამართლო გეჩვენებათ; ვერც სხვა პირთა სახელით იჩივლებთ (გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც მათი ვინაობა გაცხადებულია და თქვენ მათი ოფიციალური წარმომადგენელი ბრძანდებით). თქვენ არ შეგიძლიათ იჩივლოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გარდა სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტის დარღვევის შესახებ; მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ან ფუნდამენტური უფლებების ქარტიის დარღვევის შესახებ.
დარღვევის ჩამდენ სახელმწიფოში თქვენ გამოყენებული უნდა გქონდეთ ყველა შიდასამართლებრივი დაცვის საშუალება, რომლითაც შესაძლებელია თქვენს საჩივარში მითითებული სიტუაციის გამოსწორება (ჩვეულებრივ ეს ნიშნავს შესაბამისი სასამართლოსთვის მიმართვას, საჭიროების შემთხვევაში აპელაციას და შემდგომ აპელაციას კიდევ უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში, როგორიც არის უზენაესი ან საკონსტიტუციო სასამართლო (მისი არსებობის შემთხვევაში). მხოლოდ შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენება საკმარისი არ არის. მათი გამოყენებისას თქვენ უნდა გქონდეთ წამოჭრილი კონვენციით დაცული თქვენი უფლებების დარღვევის ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეგაქვთ(ე.ი. შინაარსობრივად უნდა იდავოთ კონვენციით გარანტირებული უფლების დარღვევის შესახებ). საჩივრის შესატანად შიდასამართლებრივ დონეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან (ჩვეულებრივ, ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან) მხოლოდ ოთხი თვე გაქვთ. საჩივრის ფორმა, ყველა სავალდებულო ინფორმაციასა და დოკუმენტთან ერთად, სასამართლოში უნდა გაიგზავნოს არაუგვიანეს ოთხთვიანი ვადის ბოლო დღისა. გადაამოწმეთ, რომ ხელთ აქვს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი.
სასამართლო ვერ განიხილავს ყველა სახის საჩივარს. მისი უფლებამოსილება ეფუძნება კონვენციაში ჩამოყალიბებულ მისაღებობის კრიტერიუმებს, რომელიც ადგენს თუ ვის, როდის და რის შესახებ შეუძლია ჩივილი. სასამართლოს მიერ განხილული საჩივრების 90%-ზე მეტი მიუღებლად ცხადდება. შესაბამისად, უნდა შეამოწმოთ თუ რამდენად აკმაყოფილებს თქვენი საჩივარი მისაღებობის კრიტერიუმებს. მოცემულ კრიტერიუმებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ადვოკატს კონსულტაციისათვის.
თქვენი საქმე უფასოდ განიხილება. თქვენ მხოლოდსაკუთარი ხარჯების (როგორიც არის , მაგალითად, ადვოკატის ჰონორარი ან მოკვლევასთან და კორესპონდენციასთან დაკავშირებული ხარჯები) ანაზღაურება მოგიწევთ. სასამართლო არ დაგეხმარებათ თქვენი საჩივრის შესადგენად იურისტის ჰონორარის გადახდაში. საქმის წარმოების პირველ ეტაპზე არ გჭირდებათ ადვოკატი, მაგრამ იგი დაგჭირდებათ მას შემდეგ რაც სასამართლო თქვენი საჩივრის შესახებ მთავრობას აცნობებს.
თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენცია დაირღვა, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება „სამართლიანი დაკმაყოფილების“ შესახებ; ეს არის ფულადი თანხა ზიანის გარკვეული ფორმების საკომპენსაციოდ. გარდა ამისა, სასამართლომ შეიძლება მოსთხოვოს კონვენციის დამრღვევ სახელმწიფოს, აგინაზღაუროთ საქმის წარდგენის პროცესში გაწეული ხარჯები.